REFORMER ბლოგი

საინტერესო სტატიები, რჩევები და სიახლეები

პროგრამული ენის შემსწავლელი კურსი ტყვიაველი მოსწავლეებისთვის

ავტორი:
კატეგორია:
მოწონება:
რეიტინგი:
განთავსებულია:
26 Apr. 2020

ორგანიზაცია ,,რეფორმერის“ ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამული ენის შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურსი დაიწყო.

ღონისძიებას ორგანიზაცია ,,რეფორმერის“ დამფუძნებელ თორნიკე ჯანაშვილთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანი რეგიონების ახალგაზრდებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მათი მომზადებაა შრომის ბაზრისთვის.

პროგრამული ენის შემსწავლელი კურსის პირველი ეტაპი სამი თვე გაგრძელდება და სწავლებას ადგილობრივი სკოლის 15 მოსწავლე გაივლის.

კურსი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მომავლის პროფესია. სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ისე სტაჟირებას.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები ყველა იმ ძირითად და საჭირო უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რაც ვებპროგრამირების სფეროს სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ვებპროგრამირება სწორედ ის სფეროა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის.

პროექტი დაიწყება სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრიდან და თანდათანობით მოიცავს საქართველოს ყველა იმ რეგიონს, სადაც წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრები.